ბათუმის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების პოტენციალისა და შესაძლებლობების განვითარება
,,დემოკრატიის ინსტიტუტი“-ს ფინანსური მხარდაჭერით, ა(ა)იპ ,,ჩვენი თაობა“-ს მიერ განხორციელებული იქნა პროექტი: ,,ბათუმის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების პოტენციალისა და შესაძლებლობების განვითარება“. აღნიშნული პროექტის მიზანი გახლდათ ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითრეალიზაციისათვის აუცილებელი გარემოს შექმნა და სკოლის მართვის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა თვითმმართველობების პოტენციალისა და შესაძლებლობების ზრდისათვის ხელშეწყობის გზით. პროექტი დაიწყო 2011 წლის 4 აპრილს და მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში.
პროექტის ფარგლებში. 2 მაისიდან – 18 მაისის ჩათვლით, ბათუმის 18-ვე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმარველობის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: ,,მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზაციული მართვის ძირითადი პრინციპები“. ტრენინგის მონაწილეები გაიყოფა 2 ჯგუფად, საბაზო საფეხურის თვეთმმართველობების წარმომადგენელთა ჯგუფი (18 მონაწილე) და საშუალო საფეხურის თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჯგუფი (18 მონაწილე). თითოეულ ჯგუფთან ტრენინგი ცალ-ცალკე გაიმართება, თუმცა იმავდროულად მოეწყობა რამდენიმე გაერთიანებული შეხვედრაც.
ტრენინგს წარუძღვა ტრენერი განათლების სფეროში მირანდა ჩარკვიანი და ტრენერი სამართლის სფეროში აბელ სალაძე. ტრენერმა განათლების სფეროში ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მათი ანალიზი, მოსწავლეთა თვითმმართველობის რაობა და მისი ძირითადი ფუნქციები, მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ხოლო ტრენერმა სამართლის სფეროში სალექციო კურსი ჩაატარა შემდეგ თემატიკაზე: ბავშვთა უფლებების სამართლებრივი ანოტაცია, განათლების შესახებ კანონმდებლობის მიმოხილვა და სკოლის მართვაში მონაწილეობა, როგორც მოსწავლის უფლება. ტრენინგ კურსის ერთი ნაწილი, კერძოდ კი შემდეგი საკითხები: ლიდერის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ახალგაზრდული პროექტების შემუშავება და მართვა, მოსწავლეებთან ურთიერთობის ფორმები და მეთოდები, ვებ-რესურსები, როგორც კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაშუქების თანამედროვე საშუალებები – წაიკითხა პროექტის შემსრულებელი ჯგუფის წევრებმა, პროექტის დირექტორმა ციალა ქათამიძემ და კოორდინატორმა ილია გუჩმანიძემ. ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თემას: ახალგაზრდული პროექტების შემუშავება და მართვა, რომელიც ჩატარდა მოსწავლეთა გაერთიანებულ შეხვედრაზე. მოსწავლეებს განემარტათ პროექტების წერის სპეციფიკა და პროექტების რეალიზაციის ორგანიზაციული მეთოდიკა. გარდა აღნიშნული თემისა მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ფონდებს, რომლებიც ახალგაზრდულ პროექტებს აფინანსებენ. აგრეთვე ჩატარდა გაერთიანებული ტრენინგი თემაზე: ,,ვებ-რესურსები, როგორც კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაშუქების თანამედროვე საშუალებები“, სადაც მოსწავლეებმა შეისწავლეს ვებ-ბლოგების შექმნისა და მართვის წესები.
გარდა თეორიული კურსისა ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ სახალხო დამცველის ბათუმის ოფისში შედგა შეხვედრა აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან და სახალხო დამცველის ბათუმის ოფისის თანამშრომლებთან. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახალხო დამცველის ინსტიტუტის მნიშვნელობა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.
ტრენინგის მონაწილეები შეხვდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს და გაეცნენ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობის სტილს.
თბილისიდან მოწვეულმა ექსპერტებმა გია ჟორჟოლიანმა და ბაქარ ბერეკაშვილმა მოსწავლეებს ღია ლექცია წაუკითხეს თემაზე – ,,საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.
მოსწავლეები შეხვდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სამსახურის თანამშრომლებს, აღნიშნულ შეხვედრაზე დაიგეგმა და ერთი კვირის შემდგომ კი შედგა ექსკურსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზი და ასევე ,,მეფეთა დარბაზში“ შეხვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, რომელმაც მათ განუმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების ძირითადი ასპექტები.
გარდა აღნიშნული შეხვედრებისა ტრენინგის მონაწილეებისათვის მოეწყო ფილმის ჩვენებაც, ნაჩვენები იყო ლუკ ბესონის ფილმი ,,სახლი“, რომლის შემდგომაც მოეწყო ფილმის განხილვა, ასევე ,,მეგობრობის სახლში“ ჩატარდა პოეზიის საღამო ბათუმში მოღვაწე ახალგაზრდა პოეტებთან ერთად, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ლექსებიც წაიკითხეს.
ამდენად ტრენინგი მოიცავდა ვრცელ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, რომლის დასასრულს შეჯამდა ტრენინგის მიმდინარეობა და ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.
ა(ა)იპ ,,ჩვენი თაობა“-ს გამგეობის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, ტრენინგის მონაწილე ბათუმის 18-ვე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან დაფუძნდება ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების კლუბი ,,დარბაზი“, ხოლო 2 ივნისს მიღებული იქნა აღნიშნული კლუბის დებულება, რომლითაც განისაზღვრება კლუბის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. კლუბზე კურატორობა აიღო ა(ა)იპ ,,ჩვენი თაობა“-მ, რომელიც თავისი რესურსებით უზრუნველყოფს კლუბის შეხვედრების ორგანიზებას და ფუნქციურ გამართულობას. კლუბი იქნება ერთგვარი ფორუმი, რომელიც უზრუნველყოფს ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმარველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ეფექტური მექანიზმის შექმნას. თვითმმართველობებს ექნებათ კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის და საერთო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა აღნიშნული კლუბის ვებ-გვერდი (www.generation.ge), რომელზეც განთავსთდა ბათუმის საჯარო სკოლების მონაცემთა ბაზა, ბროშურა – ,,სახელმძღვანელო ცნობარი – მოსწავლეთა თვითმმართველობების წევრებისათვის“, საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების ანოტაციები, ვებ-გვერდზე ასევე ბმულების სახით განთავსთდა პროექტის ფარგლებში შექმნილი ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების ვებ-ბლოგების ინტერნეტ მისამართები, ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება გადართვა მოახდინოს მისთვის საინტერესო სკოლის ბლოგზე, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მოცემული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. მოცემული ვებ-გვერდი იქნება განახლებადი და მასზე პერმანენტულად განთავსთდება ინფორმაცია მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და სხვადასხვა სახის ახალგაზრდული აქტივობების შესახებ.
დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირი
პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის ინსტიტუტის დაფინანსებით ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,აჭარის რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის, რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარება’’-ს ფარგლებში
.
პროექტის განმახორციელებელი
.
.








































